მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა. ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ”ბაპუ” - “ერის მამა“, მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

 

გეოგრაფია

ქვეყანა სამხრეთ აზიაში, მდებარეობს ინდოსტანის სუბკონტინენტზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში.
ფართობი: 3.287.263 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 5.686 კმ; სახმელეთო - 15.168 კმ.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ჰიმალაები, ინდო-განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი. მთიანი სისტემები – ჰიმალაები, ყარაყორუმი, ვინდბია, არავალი. უმაღლესი მწვერვალები (მ) – კანჩეჯანღა 8.598, ნანდა დევი 7.817; მთავარი მდინარეები (კმ) – ბრაჰმაპუტრა 2.900, განგი 2.125 (სულ 2.510), გოდავარი 1.465, იამუნა (ჯამნა) 1.400, კრიშნა 1.400, ნარმადა 1.310; უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ჰირაკუდი 1.100; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ანდამანის კ-ბი 6.408 (დიდი ანდამანი 1.536), ნიკობარის კ-ბი 1.841 (დიდი ნიკობარი 1.045), ლაქშადვიპი 32; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საბადო), რკინის მადანი, მანგანუმი, ბოქსიტები, ტიტანი, ქრომიტი, ბუნებრივი აირი, ალმასი, ნავთობი, კირქვა, სასოფლო-სამეურნეო მიწები.